გივი მიქანაძე: საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ მცირე ხარვეზებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესწავლის მიზნით შექმნილი საგამოძიებო კომისიის შემაჯამებელი სხდომა დასრულდა.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ მცირე ხარვეზებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ ჰქონია.
“ოპოზიციას 11 ათასზე მეტი კომისიის წევრი ჰყავდა დანიშნული, რომელთა მიერ მხოლოდ 8 შემთხვევაში დაწერილ იქნა განსხვავებული აზრი. შესაბამისად, კენჭისყრის დღეს უზრუნველყოფილი იყო უსაფრთხო გარემო ამომრჩეველთა ნების გამოვლენისთვის და პროცესმა არსებითი ექსცესების გარეშე ჩაიარა. საგამოძიებო კომისიამ დაასკვნა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და გამოვლენილ მცირე ხარვეზებს არ ჰქონია გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.