მამუკა მდინარაძე: თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ, შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი
„თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ. შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებას.
ხატია დეკანოიძემ, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მთავარი“ არხის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის გამო გააკრიტიკა.
,,თეა წულუკიანის საქციელს არ ვგმობ. შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური აქტი. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს იყო მიკროფონის, სხვისი ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაშინ, ძარცვა იქნება, მაგრამ ვერ იქნება ძარცვა. არ შეიძლება, თეა წულუკიანს ჰქონოდა ამ ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი, როგორც თქვენ და თქვენი ტელევიზია ხალხს ატყუებთ.
როგორ შეიძლება, რაღაც უფლებები იყოს მხოლოდ ცალ მხარეს, და მეორე მხარეს – არა? რადგან ხელისუფლებაში ხარ, როგორ შეიძლება არ გქონდეს რაღაცის უფლება, რომელიც აქვს მაინცდამაინც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორ შეიძლება, ნიკა გვარამიას დედის გინება ეპატიოს, ამას არ აღნიშნავდეთ და შენიშნავდეთ ათჯერ ნაკლებს, ან – იგივეს, ოღონდ, ამ შემთხვევაში სამართლიანად. მაქვს თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ გამოტანილი, საბჭოთა უნიფორმებში გამოწყობილი ჩვენი თანაგუნდელების ფოტოები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ამაზე დიდი შეურაცხყოფა ადამიანისთვის არ არსებობს. ამ ხალხს შვილები და მშობლები არ ჰყავს? არის თუ არა ეს უმძიმესი შეურაცხყოფა? გმობთ თუ არა თქვენი ტელევიზიის ხელმძღვანელის ამ საქციელს?“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.