იაგო ხვიჩია: კონსენსუსით გვინდოდა ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევა, მაგრამ მივხვდით, ჩვენი კონსენსუსი არავის სჭირდებოდა
“კონსენსუსით გვინდოდა თავმჯდომარის შერჩევა, მაგრამ მივხვდით, ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის „უბერავდნენ“, – ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების სანდოობის საკითხი ცესკო-ს თავმჯდომარის ვინაობაზე დამოკიდებული არ არის.
„მე არ მგონია, რომ არჩევნების სანდოობა-არასანდობაა თავმჯდომარის ვინაობაზე იყოს დამოკიდებული. წინა თავმჯდომარე კონსენსუსით იყო არჩეული და კონსენსუსითვე ითხოვდნენ გადადგომას. ფაქტი, რაც უნდა შევაფასოთ, არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ნაწილშიც დაარღვია შეთანხმება, იქ ეწერა, რომ ამასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო კონსულტაციები, კონსენსუსით უნდა შეგვერჩია ხალხი და ა.შ. ამის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი გამოტოვა და აირჩია ტაქტიკა, რომ 6 თვით აირჩიოს თავმჯდომარე და კონსენსუსზე საერთოდ საუბარი არ იყოს. ჩვენ არ ვყოფილვართ რომელიმე კანდიდატთან მებრძოლები, პირიქით ყველასთან გასაუბრება გვაინტერესებდა და კონსენსუსით არჩევა, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი კონსენსუსი არავის არ სჭირდებოდა და „ქოცები“ თავისთვის, მარტო „უბერავდნენ“ ამ შერჩევას“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისათვის, დღეს პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარის და 2 პროფესიონალი წევრის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდება.