ხატია დეკანოიძე ინტერვიუს ჩაწერის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე იმყოფება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე პოლიციაში გამოკითხვაზე მივიდა. საბურთალოს მესამე სამმართველოში მას გუშინ მომხდარი ინციდენტის შესახებ გამოკითხავენ.
დეკანოიძის განცხადებით, პირი იდენტიფიცირებულია და ის სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ ზიზღისა და მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდა.
„მთელმა საზოგადოებამ ნახა გუშინდელი ფაქტი, როდესაც მე ჩემს სახლთან, ორ ჟურნალისტთან ერთად ვსაუბრობდი, მე ვიყავი მათი რესპოდენტი და მოვიდა მოქალაქე ძალიან აგრესიულად. მე ვიტყოდი, გადარჩა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, რომ ფეხში არ დაეჯახა მანქანა, შემდეგ უშვერი სიტყვებით ლანძღვა. როგორც მედიამ გაარკვია, ამ ადამიანის გზავნილები, რაც სოციალურ ქსელში აქვს, არის საკმაოდ საშიში, რაც გულისხმობს პირდაპირ ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ მუქარას, ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. ამიტომ მე პოლიციას მივაწოდებ ყველანაირ ინფორმაციას, რაც მაქვს. მაქვს ის ინფორმაცია, რაც ყველამ იხილა, ეს იყო რეალურად ძალიან საშიში რამ. ეს იყო გზავნილი, რომელსაც სამწუხაროდ უშვებს ხელისუფლება. ძალიან ვწუხვარ ამაზე, რადგან მწვანე შუქი, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ და თქვენც შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ, უმრავლესობის მხრიდან ნიშნავს ამას. საათნახევრის წინ დამირეკეს პოლიციიდან, გამომძიებელმა მთხოვა მოსვლა და გასაუბრება. გავესაუბრები და ყველანაირ ინფორმაციას მივაწვდი. საქმე არის აღძრული 166-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას 15 დღით. მე არ ვიცი, ეს კვალიფიკაცია დარჩება თუ არა და არც ის ვიცი, გამოკითხეს თუ არა ეს ადამიანი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გუშინ მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა.