ახალი კვლევის მიხედვით, Sinopharm-ის ვაქცინა “დელტა შტამის” წინააღმდეგ მაღალეფექტურია

 

შრი-ლანკის წამყვანი უნივერსიტეტის, მკვლევრები აცხადებენ, რომ მათი კვლევებით კორონავირუსის “დელტა” შტამის წინააღმდეგ Sinopharm-ი მაღალეფექტურია.

ახალ კვლევაში ჩართული იყვნენ შრი-ლანკის ქალაქ კოლომბოსა და ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებიც.

ამ ეტაპზე, აღნიშნული კვლევა ჯერ რეცენზირებული (Peer Review) არ არის და ამჟამად ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე medRxiv.

“აღმოჩნდა, რომ ეს ვაქცინა ძალიან ეფექტიანია “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ. ანტისხეულების პასუხი ამ შტამის მიმართ, ისევე, როგორც გამანეიტრალებელი ანტისხეულები, დაახლოებით, იმავე დონით ფიქსირდება, როგორც ბუნებრივი ინფექციის გადატანის შემდეგ,” – აღნიშნულია უნივერსიტეტის განცხადებაში.

კვლევის მიხედვით, ორი დოზით აცრის შემდეგ ვაქცინირებულთა 95%-ს განუვითარდა ანტისხეულების ის დონე, რაც COVID-19-ით ბუნებრივად ინფიცირების შემდეგ ფიქსირდება.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის, შრი-ჯაიავარდენეპურას უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორის, განცხადებით, 20-დან 40-წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ვაქცინირებულთა 98%-ს ანტისხეულები განუვითარდა. 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში კი 93%-ს.მეცნიერები ამ უკანასკნელს იმით ხსნიან, რომ ხანდაზმულთა ორგანიზმი ვაქცინებს შედარებით ნაკლებად ეპასუხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები