ალექსანდრე რაქვიაშვილი: ოპოზიციის მხარეს არც კი ვხედავ რესურსს, რომ კახა კალაძეს სათანადო კონკურენცია გაუწიონ
“ოპოზიციის მხარეს არც კი ვხედავ რესურსს, რომ კახა კალაძეს სათანადო კონკურენცია გაუწიონ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის იდეა მცდარია.
„კონკრეტულად კახი კალაძის შანსები საკმაოდ მაღალია. ყველაზე რეიტინგული ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“და, ბუნებრივია, კანდიდატი ის გახდა. ოპოზიციის მხარეს არც კი ვხედავ რესურსს, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიონ. თუმცა, დაახლოებით ორი თვე დაგვრჩა და ვნახოთ, რა მოხდება.
გაერთიანებული ოპოზიციის იდეა მცდარია, თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მრავალფეროვნებაა, რათა ყველა ამომრჩეველმა ისეთი პარტია დაინახოს სიაში, რომელიც მისთვის უფრო საინტერესო იქნება. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ლოკალურ დონეზე კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება, სხვადასხვა ტიპის შეთანხმებები იყო. ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდეც. მაგრამ გლობალურად თუ გადავხედავთ, პირიქით, დამაზიანებელი იქნება ოპოზიციისთვის, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე მის ირგვლივ გაერთიანებული სხვადასხვა ოპოზუციური ძალები არიან. ეს იქნება ოპოზიციისთვის გარანტირებული წაგება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.