გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
26 წლის ყაზახი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულ ბესიკ თორდუას ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა.
„იმის მიუხედავად, რომ დიდი დრო გავიდა ბესიკ თორდიას გარდაცვალებიდან, პროკურატურამ ოჯახი დაზარალებულად არ ცნო.
ჩვენ სრული წვდომა არ გვაქვს მასალებთან, არ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ იმას, თუ რა ქმედებები განახორციელა პროკურატურამ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა. ეს საქმე კანონდარღვევით დაიწყო, ჩვენ მიმართ დროული შეტყობინებაც არ განხორციელდა, ასევე, ექსპერტიზაც ჩუმად ჩაატარეს.
ვხედავ უკვე, რომ პროკურატურა და სასჯელაღსრულება ცდილობს დამალოს ფაქტები, გარემოებები და გააქრონ მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ, რომ დროულად ჩაგვრთონ საქმეში, მოგვცენ შესაბამისი სტატუსი და მხარე გვცნონ დაზარალებულად,“ – განაცხადა ლაშა შუკაკიძემ.
56 წლის ბესიკ თორდუას საქართველოს პროკურატურა აისელ აიტპაევას გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებოდა. ის წინასწარ ორთვიან პატიმრობაში იმყოფებოდა და ბრალს არ აღიარებდა.