სალომე სამადაშვილი: ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის დოკუმენტი, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები და არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები
“ხელისუფლებამ დაარღვია შარლ მიშელის დოკუმენტი, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები და არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრამდე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას დოკუმენტი.
„ძალადობა ვიხილეთ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. შესაბამისად, ცხადია, ჩვენი საუბრის თემა, პირველ ყოვლისა, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები იქნება. მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც სწორედ მიშელის დოკუმენტი ჰქვია. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ დაარღვია ეს შეთანხმება. მაგალითად, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. დაარღვია ეს შეთანხმება, როდესაც არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები რიგ საკითხებზე, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.