მრავალეროვნული სწავლება – SEA BREEZE 2021 დასრულდა (ფოტო)

მრავალეროვნული ყოველწლიური სწავლება – SEA BREEZE 2021 დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების ბოლო ეტაპზე, უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, მონაწილე ქვეყნების მცურავი საშუალებების მონაწილეობით, ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების “დიოსკურიისა” და “ოჩამჩირეს” ეკიპაჟებმა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო დანაყოფებთან ერთად ძებნა-გადარჩენის ოპერაციები, საზღვაო სროლები და ტაქტიკური მანევრები განახორციელეს.

“წვრთნების მიზანი იყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ურთიერთქმედების დახვეწა და ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.

აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 10 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. SEA BREEZE 2021 წელს ყველაზე მასშტაბურად ჩატარდა და მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობდა.

მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში მონაწილეობდნენ. სწავლების თითოეული ელემენტი დაიგეგმა და განხორციელდა ნატო-ს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები