ირაკლი კობახიძე: პრემიერის, მთავრობისა და ეკლესიის ჩართულობით ზაზა გახელაძე თავისუფალია

ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საქართველოს მთავრობა ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა ასეთ შემთხვევაში აქტუალური სხვადასხვა ფორმატებით, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით და საპატრიარქოს ჩართულობით, ეს მოხერხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ვულოცავ საზოგადოებას ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, განსაკუთრებით ოჯახს, შვილებს მეუღლეს, მშობლებს , ნამდვილად სასიხარულო დღეა. ჩვენთვის მთავარი იყო ამნისტიის მიღწევა და ეს მიზანი მიღწეულია. მთავრობა თავიდან ბოლომდე ინტენსიურად იყო ჩართული მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა იმ ფორმატებით, რომელიც ასეთ შემთხვევაში აქტუალურია, გამოყენებული იქნა სხვადასხვა ინსტრუმენტი ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად, საბოლოო ჯამი პრემიერ-მინისტრის და მთავრობის აქტიური ძალისხმევით, საპატრიარქოც იყო ჩართული ამ პროცესში, ეს მოხერხდა. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ და არც არის მიზანშეწონილი“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები