მედია: უკრაინის შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა
უკრაინის შს მინისტრმა, არსენ ავაკოვმა თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ უკრაინული გამოცემა “გორდონ”-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტო UNN-ის ინფორმაციით, უმაღლესი რადა ავაკოვის განცხადებას სავარაუდოდ, 1-ელ ივლისს განიხილავს.
არსენ ავაკოვი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 27 თებერვალს დაინიშნა.
თანამდებობაზე მისი ხელახლა დანიშვნა 2019 წლის 29 აგვისტოს მოხდა.
ავაკოვი წინა მთავრობიდან ორი მინისტრიდან ერთ-ერთია, რომელიც ახალი ხელისუფლების დროს მინისტრთა კაბინეტში დარჩა. 2020 წლის მარტში, ალექსეი გონჩარუკის მთავრობის დროსაც კი ავაკოვმა თანამდებობა შეინარჩუნა.