ანრი ოხანაშვილი: არ მგონია, ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც დღეს ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ხდებოდა, სადაც ასე ველურად, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე შემოიჭრნენ
არ მგონია, ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც დღეს ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ხდებოდა, სადაც ასე ველურად, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე შემოიჭრნენ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმეს პოლიტიკური ბოიკოტი სურს, ეს მათი უფლებაა.
„საპარლამენტო ბოიკოტის უფლებას ვერავინ ვერავის წაართმევს. ეს არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განპირობებული უფლება. რაც შეეხება იმ საქციელს, არ მგონია ვინმე იყოს კმაყოფილი იმით, რაც დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზში ხდებოდა, სადაც ასე ველურად, ყოველგვარი წესის დაცვის გარეშე მოხდა შემოჭრა. მათ შორის იმ პირების, ვისაც შემოსვლისთვის სჭირდება შესაბამისი ნებართვა. ეს იყო წარმოუდგენელი რამ და არ მგონია ან ჟურნალისტებს, ან ან სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს ეს მოეწონოთ. ეს არის მიუღებელი. ეს არ არის ცივილური ფორმა. თუ ვინმეს პოლიტიკური ბოიკოტი სურს, ეს მათი უფლებაა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ შეიჭრნენ, რაც მთავრობისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა 12:00 საათზე ამოიწურა.
ოპოზიციის ნაწილი, მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.