ევროკავშირმა ყირიმის ანექსირებისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა
ევროსაბჭომ რუსეთის ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზე გათვლილი სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო, 2022 წლის 31 იანვრამდე.
ამის შესახებ იტყობინება “ევროპული სიმართლე”.
რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს, უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის იქნა დაწესებული. იმავე წლის სექტემბერში სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდა, ხოლო 2015 წლის მარტში ევროსაბჭომ გადაწყვიტა, რომ სანქციების მოქმედება დაუკავშიროს მინსკის შეთანხმებების შესრულებას.
საბჭოს გადაწყვეტილება მოჰყვა 24-25 ივნისს ევროკავშირის სამიტზე მინსკის შეთანხმებების შესრულების სტატუსის ბოლო შეფასებას. ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, სრულად აიღოს პასუხისმგებლობა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არ ასრულებს შეთანხმებას, ევროკავშირის ლიდერებმა ერთხმად გადაწყვიტეს სანქციების გახანგრძლივება.