კუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანაში აქციები აშშ-დან ფინანსდება

კუბის პრეზიდენტი, მიგელ დიას-კანელი აცხადებს, რომ მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაში ისეთი ადამიანები მონაწილეობენ, რომლებიც საპროტესტო მუხტის გაღვივებისთვის აშშ-დან ფინანსდებიან.

ამის შესახებ მან სან-ანტონიო-დე-ლოსბანიოსში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

“არსებობს ადამიანთა ჯგუფი, დაქირავებულები, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა უხდის ფულს, არაპირდაპირი გზით, აშშ-ის სამთავრობო სააგენტოების გავლით, ამგვარი დემონსტრაციების მოსაწყობად”, – თქვა მან.

საპროტესტო აქციების ფონზე, ჰავანაში ჯარი და სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს. მთავრობის წინააღმდეგ ქუჩებში გასული ხალხი ითხოვს თავისუფალი არჩევნების ჩატარებასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები კუნძულის 8 ქალაქში გაიმართა.

აღნიშნულის პარალელურად, ქუჩაში ასევე მთავრობის მომხრეებიც გავიდნენ, პრეზიდენტის შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრები, რომ ერთ-ერთ ქალაქში შეტაკებაც მოხდა მომხრე და მოწინააღმდეგე აქციებში მონაწილეებს შორის. ხალხი ერთმანეთს ქვებს ესროდა, ისმოდა სროლის ხმებიც, თუმცა, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქალაქ მატანზასში მომიტინგეებმა სავალუტო მაღაზია გატეხეს, გადაბრუნებულია მანქანები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები