პარიზში ავტომობილებისთვის მაქსიმალურ სიჩქარეს 30 კმ/სთ-მდე შეამცირებენ

აგვისტოს ბოლოსთვის პარიზის ყველა ქუჩაზე ავტომობილებით გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/ სთ-ზე დარეგულირდება, რაც მიზნად ისახავს ავარიებისა და ხმაურის შემცირებას, ასევე, ქალაქის ადაპტირებას კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

ამის შესახებ The Local-ი წერს.

პარიზის მერმა, ან იდალგომ პირობა დადო, რომ ავტომობილების გაჩერებისთვის განკუთვნილ ადგილებს შეამცირებს.

მას შემდეგ, რაც იდალგომ მერის თანამდებობა დაიკავა, პარიზის ქუჩების 60%-ის შემთხვევაში მოქმედებს სიჩქარის შეზღუდვა 30 კილომეტრამდე, ასევე, უამრავ ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივადაა დასაშვები ან ის მთლიანად საფეხმავლო გახდა. ამასთანავე, საფრანგეთის დედაქალაქის მაგალითი ბევრმა, ქალაქგარეთ რაიონმა გადაიღო და შესაბამისი შეზღუდვები დააწესა.

გეგმის მიხედვით, აგვისტოს შემდეგ, პარიზის მთავარი ბულვარები და არტერიები, მათ შორის, ელისეის მინდვრები შეინარჩუნებენ სიჩქარის შედარებით მაღალ შეზღუდვებს.

ან იდალგო გეგმავს, 140 ათასი ქუჩის პარკირების ადგილიდან 60 ათასი გააუქმოს.

2022 წლიდან მოტოციკლეტებსა და სკუტერებს, რომლებსაც აქამდე უფასოდ შეეძლოთ გაჩერება, მოუწევთ საფასურის გადახდა, როდესაც ავტომობილების პარკირების საათობრივი გადასახადიც გაიზრდება.

გარდა ამისა, მომდევნო წლიდან პარიზის ცენტრალურ რაიონში სატრანსპორტო საშუალებების უმეტესობას შესვლა აეკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები