ორბანი: ევროკავშირს სურს ლგბტ აქტივისტების გაგზავნა ჩვენს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში
უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის ინსტიტუტებს სურთ ლგბტ-აქტივისტების გაგზავნა ქვეყნის სკოლებში.
ამის შესახებ Euractiv-ი წერს.
“ბრიუსელს სურს ლგბტ აქტივისტების გაგზავნა უნგრეთის სკოლებში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ!”, – განაცხადა ორბანმა ევროპარლამენტში გუშინ გამართული დებატების საპასუხოდ, სადაც საუბარი მიდიოდა უნგრეთის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც კრძალავს ლგბტ კონტენტის პოპულარიზაციას არასრულწლოვნებში.
ორბანის თქმით, ”პოზიციები ძალიან მკაფიოა, ყველაფერი გასაგები და ცხადია. ევროპარლამენტსა და ევროკომისიას სურთ, რომ ლგბტქ აქტივისტებსა და ორგანიზაციებს მიეცეთ დასწრების ნება საბავშვო ბაღებსა და სკოლებში”.
საკამათო კანონი უნგრეთში ძალაში გუშინ შევიდა.
გუშინვე, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს ამ კანონს.
მანამდე, ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთი მკაცრად გააფრთხილა, რომ უკან გაიწვიოს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას სანქციებს დაუწესებენ.
პრორუსი ორბანის მიერ დამტკიცებული კანონი მკაცრად გააკრიტიკეს გასულ თვეს ევროკავშირის ლიდერებმა. მაგალითად, ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა, მარკ რიუტემ მოუწოდა ბუდაპეშტს, ევროკავშირის ტოლერანტობის ფასეულობას სცეს პატივი ან ბლოკი დატოვოს.
ამასთან, ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილება, იაროს რუსეთის კანონების გზით და არა – ევროკავშირის, მოსკოვში დაუფასებლად არ დარჩენილა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმოამდგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, “უნგრეთს არაპროგრესულს უწოდებენ, მაგრამ პროგრესი ხომ უკეთესობისკენ ევოლუციაა. ნუთუ საკმარისი არ არის წარსულში სხვადასხვა დიქტატის არსებობა და არავინ იმჩნევს, რომ დასავლეთის დემოკრატიის ცენტრში ლიბერალური დიქტატურაა?”. ამასთან, იქვე ზახაროვა ამბობს – “მაგრამ ზუსტად ევროკავშირის დოკუმენტებში წერია: მიეცით უფლება ყველას, იყოს, რაც უნდა, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია, in varietate concordia!”.