ბერლინში თურქი ჟურნალისტი სცემეს, რომელსაც სამშობლოს დატოვება ერდოღანის კრიტიკის გამო მოუწია

ბერლინში თურქი ჟურნალისტი, ერკ აქარერი, რომელიც ცნობილია რეჯეპ თაიფ ერდოღანის კრიტიკით, საკუთარ სახლთან სასტიკად სცემეს.

ამის შესახებ Euractiv-ი წერს.

როგორც ჟურნალისტმა საავადმყოფოდან სოციალურ ქსელში დაწერა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თავდამსხმელებს იცნობს, მაგრამ “ფაშისტების წინაშე კაპიტულაციას არ აცხადებს”.

ამჟამად, აქარერი და მისი ოჯახი პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებიან.

როგორც ბერლინში მყოფმა კიდევ ერთმა, თურქეთიდან გაქცეულმა ჟურნალისტმა, ჩან დუნდარმა დაწერა, თავდასხმა ერდოღანის პირდაპირ შეტყობინებას წარმოადგენს: “გრძელი ხელი მაქვს. შეგვიძლია, დისიდენტ ჟურნალისტს თავს ბერლინშიც დავესხათ”.

ერკ აქარერი ბერლინში საცხოვრებლად 2017 წელს, “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” დახმარებით გადავიდა. მანამდე, მას და კიდევ სამ კოლეგას თურქეთში წარუდგინეს ბრალდება “დაზვერვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელებაზე”.

ჟურნალისტებმა მაშინ გადაიღეს რეპორტაჟი ლიბიაში თურქი მზვერავის გარდაცვალების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები