კრემლის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ ომის დანაშაულითა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევით მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დიდი ხნის წინ მოექცა. თუმცა, სასტიკი დანაშაულები „ვაგნერის“ ბნელი მხარის დასასრული არ არის. რუსი დაქირავებული მებრძოლების მიერ გავრცელებული ფოტოები ადასტურებს, რომ ისინი ნეონაცისტური იდეოლოგიის აქტიური მხარდამჭერებიც არიან. ირონიულია, რომ კრემლის მიერ შექმნილი დაჯგუფება ნაცისტების იდეოლოგიის გამზიარებელია მაშინ, როდესაც პუტინი მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის მიერ ნაცისტური გერმანიის დამარცხებას რუსეთის მთავარ მიღწევად მიიჩნევს. უფრო მეტიც, მოსკოვისთვის ტრადიციად იქცა ფაშიზმში კიევის დადანაშაულება. 2014 წელს რუსი დაქირავებული მებრძოლები ამტკიცებდნენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, როდესაც თავად ნეონაცისტები არიან და ამას არც მალავენ.
ცოტახნის წინ რუსულ სოციალურ ქსელ VK-სა და დაქირავებულ მებრძოლებთან ასოცირებულ ტელეგრამ არხებზე „ვაგნერის“ დამფუძნებლის, დიმიტრი უტკინის ფოტო გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს მის სხეულზე გამოსახული ნაცისტური სიმბოლიკა. უტკინს სხეულზე შუცშტაფელის (ქართულად – დამცავი რაზმი, გერმანულად Schutzstaffel – SS), იგივე „ესეს“-ის სიმბოლიკა აქვს გამოსახული. კერძოდ, მარცხენა მხარეს მას ძველგერმანული რუნები აქვს ამოსვირინგებული, მკერდზე – საიმპერატორო არწივი. მარჯვენა მხარეს განთავსებულ ტატუზე კი სამხედრო წოდების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. „ესესი“ 1934-1945 წლებში ელიტარულ პარამილიტარისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც ნაცისტური პარტიის შემადგენლობაში შედიოდა. „ესესი“ იყო სწორედ ჰოლოკოსტის მთავარი დამნაშავე. ორგანიზაცია ერთ-ერთი მისი შენაერთის, „მკვდარი თავის ქალის“ ვახშტურმბანების საშუალებით მესამე რაიხის ყველა საკონცენტრაციო ბანაკს განაგებდა.
„ვაგნერის“ რიგებში ნეონაცისტი უტკინის სამხედრო სახელია „ძევიატი“ (მეცხრე). უტკინი რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. უტკინს „ვაგნერის“ დამფინანსებელ ევგენი პრიგოჟინთან მჭიდრო კავშირი აქვს. უფრო მეტიც, 2016 წლის 9 დეკემბერს კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო. მოგვიანებით, კრემლის პრესსამსახურის უფროსმა, დიმიტრი პესკოვმა ფოტოსურათის ნამდვილობა დაადასტურა.
2020 წელს „ვაგნერთან“ ასოცირებული ტელეგრამ არხების საშუალებით კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა, რომელზეც, სავარაუდოდ, უტკინია გამოსახული. მართალია, სურათზე მებრძოლების სახეები დაფარულია, მაგრამ მიახლოებისას ჩანს ყურის ფორმა და მელოტი თავი. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ფოტოზე გამოსახული ადამიანი მებრძოლებს ბრძანებას აძლევს, უტკინი აფრიკაში „ვაგნერის“ ოპერაციებს ხელმძღვანელობს, ამიტომ, დიდი ალბათობით, ნაცისტური გერმანიის ვერმახტის ოფიცრის ქუდით სურათზე სწორედ დიმიტრი უტკინი ჩანს.“რუსიჩი“ რუსული ნეონაცისტური პარამილიტარისტული დაჯგუფებაა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელია იან პეტროვსკი, იგივე „ველიკი სლავიან“. პეტროვსკი 2014-2015 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში იბრძოდა და სეპარატისტებს ეხმარებოდა. უკრაინის მთავრობამ ის ომის დამნაშავედ ცნო. „რუსიჩის“ დაჯგუფება უკრაინის გარდა სირიაში იბრძოდა და კავშირი აქვს „ვაგნერის“ მებრძოლებთან.
პეტროვსკი სირიასა და უკრაინაში უკანონო საბრძოლო მოქმედებებისთვის ნორვეგიაში დააკავეს და მისი დეპორტაცია მოახდინეს. ინტერნეტში გავრცელებულ ბევრ ფოტოზე ჩანს პეტროვსკი, რომელიც სირიაში „რუსიჩის“ მებრძოლებს ნაცისტურ სალამს აძლევს. „ვაგნერთან“ დაკავშირებული რუსული ნეონაცისტური დაჯგუფების ლიდერი რადიკალი ნეონაცისტების სიძულვილის სიმბოლოებთან ხშირად პოზირებს. ვალკნუტი და თივაზი მისი ფავორიტი სიმბოლოებია.
კრემლის დაქირავებული მებრძოლების დაჯგუფება „ვაგნერი“ და „რუსიჩი“ თავიანთ სამხედრო ტექნიკაზეც ხშირად გამოსახავენ ნაცისტურ სიმბოლოებს. რუს დაქირავებულ მებრძოლებში სვასტიკა და „ესესი”-ს სიმბოლოები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც არაერთი ფოტო ადასტურებს.
მებრძოლები ტექნიკის გარდა, ნაცისტური სიმბოლოებით თავიანთ სამხედრო ფორმებსაც აფორმებენ. ამის გარდა, ისინი კონფლიქტის ზონებში თავიანთ კვალს სწორედ სიძულვილის სიმბოლიკის გამოსახვით ტოვებენ.
რუს დაქირავებულ მებრძოლებში ნაცისტური და ნეონაცისტური იდეოლოგიის ასეთი პოპულარობა კრემლის ორმაგი სტანდარტების თვალსაჩინო ილუსტრაციაა. პუტინის პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური ნარატივი ხომ სწორედ ნაციზმის დამარცხებაში რუსეთის მიერ მთავარი როლის შესრულებას უკავშირდება. მოსკოვი უზარმაზარ აღლუმებს მართავს და მოსახლეობაში სკოლის ასაკიდან იწყებს იმ აზრის დანერგვას, რომ სწორედ რუსეთმა დაამარცხა ფაშიზმი და ეს ქვეყნის მთავარი დამსახურებაა. ამ დროს კი, რუსი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით პუტინი დაქირავებულ ნეონაცისტ მებრძოლებს აფინანსებს და მთელს მსოფლიოში მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლებად აგზავნის.