ნათია თურნავა: ჟურნალისტებზე ძალადობა ყოვლად მიუღებელია, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის

“ჟურნალისტებზე ძალადობა ყოვლად მიუღებელია, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ თითოეული ფაქტი გამოძიებული უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელი ეშლებათ ჟურნალისტებს საქმიანობაში, როდესაც ხდება შეტევა ჟურნალისტებზე. ის ფაქტები, რაც ჩვენ ვიხილეთ, დაშავებული ჟურნალისტები, ეს არის მიუღებელი. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცველები თითოეულ ასეთ ფაქტს გამოიძიებენ და დადგება სრულიად სამართლებრივი შედეგი.

ჩვენი გუნდის წევრებმა, ჩვენმა ლიდერებმა გააკეთეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ძალიან ცალსახად დაგმეს ძალადობა. თქვენი პათოსი გასაგებია, ჩვენ ვუერთდებით ამ პათოსს იმ ნაწილში, რომ ძალადობა მართლაც არის ყოვლად მიუღებელი ჟურნალისტებთან მიმართებაში. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მონაპოვარი არის თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი სივრცე და გარემო ჟურნალისტებისთვის, რომ იმუშაონ, აბსოლუტური თავისუფლებაა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თითოეული ასეთი სამწუხარო ფაქტი იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები