ნათია თურნავა: უშუალოდ პრემიერმინისტრის ჩართულობით მოვამზადეთ პროგრამა, რომელიც ოჯახებს პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ს დაუფინანსებს, ხოლო მესამე და მომდევნო შვილებზე – 8%-ს

“კიდევ ერთი სპეციალური პროგრამა, რომელიც ჩვენ უშუალოდ პრემიერმინისტრის ჩართულობით მოვამზადეთ და ვფიქრობთ, ძალიან მოთხოვნადი და აქტუალურია, არის პროგრამა ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში” გასცემს საკმაოდ სოლიდური დოზით იპოთეკური სესხის პროცენტის თანადაფინანსებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ეყოლება ახალშეძენილი შვილი და მოინდომებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალი ბინის შეძენას. „ჩვენ აქ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მრავალშვილიან ოჯახებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ან მეორე შვილის შეძენისას, დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს მიერ მოხდება ბინის შესაძენად აღებული სესხის სულ მცირე 6%-ის თანადაფინანსება, ხოლო თუკი საუბარია მესამე ან ყოველ მომდევნო შვილზე, აქ საუბარია 8%-იან თანადაფინანსებაზე, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ პროცენტის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ იქნება გაღებული.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენს მომავალზე ორიენტირებული პროგრამა და როგორც კი ის დამტკიცდება და ამოქმედდება და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება, ვფიქრობ, ბევრი ოჯახი ისარგებლებს ამ პროგრამით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები