გიორგი კლდიაშვილი: აბორიგენების ბოგინის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს მინდა, ვუსურვო, რაც მათ პერსპექტივა აქვთ, იმაზე მეტი პერსპექტივა არ მოგცეთ უფალმა

IDFI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღევანდელი აბორიგენების ბოგინის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს მინდა, ვუსურვო:

1. აი, ამათზე უკეთესი მეზობელი არ გარგუნოთ ღმერთმა.

2. აი, ამათზე უკეთესი კომპანიონი არ გაღირსოთ ღმერთმა არც მაგიდაზე, სადაც დაჯდებით და არც საქმეში, რომელსაც მოეკიდებით.

3. აი, ამათზე უკეთესი მრევლი არ მოგცეთ ღმერთმა.

4. აი, ამათზე უკეთესი მუშტარი (კლიენტი) არ მოგცეთ ღმერთმა.

5. აი, ამათზე მეტი ინტელექტი არ მოგცეთ ღმერთმა, არც თქვენ და არც თქვენ დამლაპარაკებელს.

6. აი, ესენი როგორც აყალიბებენ სათქმელს, მაგაზე უკეთ არ ჩამოგეყალიბებინოთ სათქმელი.

7. აი, ამათზე უკეთესი ხელოსანი არ დაგახვედროთ ღმერთმა, სადაც არ უნდა მიხვიდეთ და რაც არ უნდა დაგჭირდეთ.

8. აი, ამათ რაც აცვიათ, ამათზე უკეთესი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი არ გაღირსოთ ღმერთმა.

9. აი, ამათზე ხშირად არ დაგებანოთ ტანი.

10. აი, ამათზე უკეთესი შესახედაობის ადამინს არ შეგახვედროთ ღმერთმა.

11. აი, ამათ რაც ჯიბეში უდევთ, იმაზე მეტი არ მოგცეთ ღმერთმა.

12. აი, ამათ რაც აინტერესებთ, იმაზე მეტი ფანტაზიის უნარი არ მოგცეთ ღმერთმა.

13. და, აი, რაც ამათ პერსპექტივა აქვთ, იმაზე მეტი პერსპექტივა არ მოგცეთ უფალმა”,- წერს კლდიაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, “თბილისი პრაიდის” კონტრაქციაზე მისული ადამიანები თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს “სირცხვილიას” ოფისი, ამის შემდეგ კი “თბილისი პრაიდის” ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი ლგბტქ დროშა გაანადგურეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები