მეუფე გრიგოლი – “თბილისი პრაიდზე”: მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს, ვიღაცას მე არ მოვწონვარ და რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ
„საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა”,- ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა “თბილისი პრაიდის” საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს.
„საერთოდ, ადამიანები პასუხისმგებლები არიან იმაზე, რასაც სჩადიან და სახელმწიფო იმისთვის არის, რომ პასუხი მოსთხოვოს ადამიანებს, ვინც კანონს ფარგლებს გადავა. ეკლესია სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. სამწუხაროდ მოხდა ისე, არ ვიცი ეს შემთხვევით თუ განგებ, რომ ეკლესია აღმოჩნდა სწორედ ამ მოცემულობაში, როდესაც ის ფუნქცია, რაც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, რატომღაც ეკლესიის გადასაწყვეტი გახდა. სინამდვილეში, ეკლესია არ არის ამ ფუნქციით დატვირთული. ეკლესიის მისია არის, დაამოწმოს ქრისტე მაცხოვარის მსხვერპლშეწირვითი ღვაწლი და მომავალი სასუფევლის შესახებ უქადაგოს ადამიანებს, მისცეს მაგალითი სიტყვით, საქმით. ჩვენს ხელში ყველაზე ძლიერი იარაღია – სიტყვა.
დღევანდელი პრობლემა რა არის, თქვენ მღვდელმთავარს ეკითხებით, უნდა მიეცეთ თუ არა უფლება, ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. მე ერთი კაცი გეტყვით, რომ არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს. ვიღაცას მე არ მოვწონვარ და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ?! არის რაღაც ნაკლებად და მეტად მიუღებელი. ის, რაც კანონის ფარგლებში ექცევა, სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.