„დღეიდან ელექტროენერგიას ახალი კომპანიები მოგვაწვდიან“ – რა უნდა ვიცოდეთ
“ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ელექტროენერგიით მათ მომარაგებას არაფერი ემუქრება, ისინი უწყვეტი ელექტრომომარაგებით ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილები, როგორც აქამდე იყვნენ”, – ამის შესახებ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, სალომე ჯანელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჯანელიძემ განმარტებები იმ სიახლესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც დღეს ამოქმედდა. საქმე ეხება იმას, რომ დღეიდან მომხმარებლებს ელექტროენერგიას ახალი კომპანიები მიაწვდიან.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია – 1-ელი ივლისი, როდესაც ელექტროენერგიის საცალო ბაზრის გახსნა ხორციელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან „ელექტრო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ ჩვენს მომსახურებას კვლავ განაგრძობენ, თუმცა, მხოლოდ სასისტემო მომსახურების ნაწილში, ანუ ისინი პასუხისმგებლები იქნებიან უშუალოდ ელექტროენერგიის ჩვენამდე ტრანსპორტირებაზე, ასევე, მრიცხველების წაკითხვაზე, ახალი მომხმარებლების ქსელთან მიერთებასა და მსგავს მომსახურებებზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, ანუ თავად პროდუქტის გაყიდვას, ამაზე დღეიდან პასუხისმგებლები იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები. დღეს გვყავს ელექტროენერგიის ორი მიმწოდებელი. ესენია „ეპ ჯორჯია მიწოდება“, რომელიც მოემსახურება მთელს საქართველოს, გარდა თბილისისა, ასევე, არის „ თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“, იგივე „თელმიკო“, რომელიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას, ასევე, სხვა მომხამარებლებსაც. ორივე საწარმო საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნულია, როგორც ელექტროენერგიის უნივერსალური მიმწოდებუელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებლები არიან როგორც მოსახლეობის, ასევე, მცირე საწარმოების მომარაგებაზე იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები სხვა, ე.წ. თავისუფალ მიმწოდებლებს არ აირჩევენ.
რა არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ: ყველა მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ ელექტროენერგიით მათ მომარაგებას არაფერი ემუქრება, ისინი ზუსტად ისევე იქნებიან უზრუნველყოფილნი უწყვეტი ელექტრომომარაგებით, როგორც აქამდე იყვნენ. ამ მხრივ მათთვის არაფერი იცვლება“, – განაცხადა ჯანელიძემ.
მისივე თქმით, სამომავლოდ ბაზარზე ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებლებიც გამოჩნდებიან, რომელებიც ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ და შეეცდებიან, მომხმარებლებს უკეთესი ფასი და პირობები შესთავზონ.
„მნიშვნელოვანია, მომხარებლებმა იცოდნენ, რომ მათ დღეიდან გაუჩნდებათ არჩევანი, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება 2022 წლის 1-ელი იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება. ანუ, გვეყოლება უფრო და უფრო მეტი მიმწოდებელი, რომლებიც ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან, შეეცდებიან, მომხმარებლებს მაქსიმალურად უკეთესი ფასი, პირობები შესთავაზონ იმისათვის, რომ მომხმარებლები მიიზიდონ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან სასიკეთო იქნება მოქალაქეებისთვის. სწორედ მათთვის ტარდება ეს რეფორმა, რათა უფრო ძლიერი მომხმარებელი გვყავდეს, რომელიც ელექტრომომარაგებას საუკეთესო პირობებით და ფასად მიიღებს.
ტარიფებს რაც შეეხება, ის უკვე დაადგინა კომისიამ რამდენიმე დღის წინ და არ შეცვლილა.
რაც შეეხება ორი ქვითრის საკითხს: ორ ქვითარს მხოლოდ ამ თვეში მიიღებთ, რადგან ეს გარდამავალი პერიოდია. საბოლოო ანგარიშსწორების ქვითარი იქნება „თელასიდან“ და „ენერგო-პრო ჯორჯიადან“, რათა გავასწოროთ ჩვენი ბოლო ვალდებულებები. შემდეგ კი, აგვისტოდან მიმწოდებლისგან ერთ ქვითარს მივიღებთ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ცნობისთვის, აღნიშნული სიახლის შესახებ განცხადება „თელმიკომაც“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ„თელასის“ ყველა მომხმარებელი „თელმიკოს“ აბონენტი ავტომატურად ხდება.
„აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს 2 ქვითარს:
• 1 -ელ ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“
• 1 -ელი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“.
შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას: ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.
მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას.
აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც.
,,თელასის,, მომხმარებელთა დეპოზიტები ავტომატურად გადადის კომპანია „თელმიკოში“ და მომხარებლის სააბონენტო ბარათზე აისახება.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
თამუნა შეყილაძე