დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეიდან 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. საგამოცდო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 09:00 საათზე დაიწყო. დღესვე, 15:00 საათზე მეორე სესია დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.
საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
გამოცდებზე აბიტურიენტი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. გამოცდები რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.