“ყველაფერი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება, ქვეყანას უკვე აქვს”, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ქართველებმა წევრობის სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად, ეს პოლიტიკური ნაბიჯია.
„პოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი არის წევრობის სამოქმედო გეგმა, როგორც ეს გაწერილია ნატო-ს ყველა დოკუმენტში და თუ პოლიტიკა არ შეიცვლება. MAPI არის საჭირო ნაბიჯი, მაგრამ ასევე ჩვენთვის, ვინც ამ საკითხებზე ვმუშაობთ, ცხადია, რომ საქართველოს უკვე აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, მოემზადოს ალიანსის წევრობისთვის. ჩვენ გვაქვს წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ყველაფერი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის სჭირდება, ქვეყანას უკვე აქვს და ეს ინსტრუმენტები მოქმედებს. წევრობის სამოქმედო გეგმა გადაიქცა იმად, რისთვისაც ის რეალურად არ იყო განკუთვნილი. MAPI იყო პრაქტიკული ინსტრუმენტი, თუმცა ახლა ის გადავიდა პოლიტიკურ განზომილებაში. ქართველებმა წევრობის სამოქმედო გეგმა არ უნდა აღიქვან დაბრკოლებად. ეს პოლიტიკური ნაბიჯია. ყველაფერი, რაც საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად გვჭირდება, უკვე გვაქვს და MAPI-ის ხიდზე გადავალთ, მაშინ, როდესაც მასთან მივალთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.