კახა კუჭავა ევროპულ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპულ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გააქტიურებაზე გამახვილდა.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ბიზნეს ასოციაციებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით საქმიანობაში, განსაკუთრებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მისივე თქმით, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარულად გაგრძელდება.