კახა კუჭავა: აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხერხდეს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად მშვიდობიანად მოხერხდეს „თბილისი პრაიდის ჩატარება. ამის შესახებ მან „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არც ერთ ჯგუფს არ აქვს თავიანთი მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა.
სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას წესრიგი, უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ხოლო ჩემი მხრიდან მნიშვნელოვანი არის, რომ ნებისმიერი აქცია იქნება, თუ ნებისმიერი კონტრაქცია, ჩატარდეს მშვიდობიანად. ეს არის მთავარი ამოცანა, რომელიც უნდა უზრუნველყონ პირველ რიგში სამართალდამცველმა ორგანოებმა. არ იქნება კარგი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაიზარდოს ძალადობაში.
ამის მომხრე, დარწმუნებული ვარ, შინაგანად არ არის არც ერთი მხარე. აუცილებელია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს ყველა იმ ნაბიჯს, რომლის გადადგმასაც აპირებენ, რადგან ქვეყნის სახეზე ვსაუბრობთ და არავის არც ერთ შემთხვევაში არ წაადგება ძალადობრივი ქმედებები. თუ რამე ადრე მომხდარა, ნამდვილად არ იყო ლამაზი და კარგი დასანახი, რადგან არ შეიძლება, ვინმე მომხრე იყოს ძალადობის.
აუცილებელია, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მაქსიმალურად მშვიდობიანად მოვახერხოთ ამ დღის, თუ ამ კვირეულის ჩატარება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.