ეკატერინე ტიკარაძე: საქართველო კვირის ბოლოსთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინების მილიონ დოზას მიიღებს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო კვირის ბოლოს ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმის“ და ამავე რაოდენობის „სინოვაკის“ ვაქცინებს მიიღებს.
მისივე თქმით, მალე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.
„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გულისხმობს კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება, დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ჩვენ შეგვიძლია ამ ვაქცინებით დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.