ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს
ურეკში, პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას და საქმის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვენ.
სამართალდამცველებმა გზა მალევე გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა იყო.
დაკავებულების ახლობლების თქმით, აქციები არ შეწყდება და მათი პროტესტი მეტად ორგანიზებული გახდება.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე -173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან დაკავებულის ნაცნობები შეიკრიბნენ, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.