გურამ მაჭარაშვილი – რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრებაზე: ვებრძვით ოკუპაციას და არა – კულტურას, მეცნიერებას
“ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესები, კულტურა, მეცნიერება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში გამგზავრების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ არა ეთნოსს, არამედ ოკუპაციას ვებრძვით.
“ჩვენ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პოლიტიკური პროცესები, კულტურა, მეცნიერება. ჩვენ არ ვებრძვით ეთნოსს, ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას, ვებრძვით ადამიანის უფლებების დარღვევას. რა თქმა უნდა, ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ჩვენ არ ვებრძვით არც ეთნოსს, არც კულტურას და არც მეცნიერებას”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის ეროვნული თეატრი 2021 წელს ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე (მოსკოვი) წარადგენს რობერტ სტურუას სპექტაკლს „თამაშის დასასრული“. სპექტაკლი წარდგენილი იქნება 30 ივნისს და 1-ელ, 2 ივლისს.