საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე იმსჯელა

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა ინტერპარტიული ჯგუფმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესწორებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე და რეკომენდაციებზე იმსჯელა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ, ისევე როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება.
„შეხვედრაზე შევთანხმდით თუ რომელ საკითხებს ვითვალისწინებთ და რომელ საკითხებს ვერ გავითვალისწინებთ. იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხებს პუნქტობრივად გავივლით და დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ისევე როგორც პირველი მოსმენის შემთხვევაში, მეორე მოსმენაზეც პარტიების მხრიდან სრული კონსენსუსი იქნება”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრინციპში, არ არის ისეთი საკითხი, რომელზეც ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ.
„ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, მეორე მოსმენაზეც და კომიტეტზეც ყველა საკითხზე გვექნება შეჯერებული პოზიციები. მთავარია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რაც დაკავშირებულია თვითონ კომისიის ფორმირებასთან, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესთან და მთელ რიგ საკითხებთან, ამაზე არსებობს შეთანხმება და ყველაზე მთავარი, რასაც ვენეციის კომისია ამბობს არის ის, რომ თუ პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან რაღაცაზე, თუნდაც ეს შეიძლება არ ემთხვეოდეს მათ რეკომენდაციას, ეს მათთვის მისაღებია იმიტომ, რომ მთავარია ჩვენი ქვეყნის შიგნით კონსესუსის გზით რაზე ვთანხმდებით. ეს არის მათთვის უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ფორმალურად ისინი როგორ უყურებენ რაღაც საკითხებს”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები