ირაკლი ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია
“დასრულდა თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება. საუბარია 85-კილომეტრიან მონაკვეთაზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილი გზების ინფრასტრუქტირის განვითარების, ისე – კახეთის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, 85-კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
„გათვალისწინებული იყო შესაბამისი ასიგნებებით. დაიყო 3 ლოტად გამომდინარე იქედან, რომ, ანალიზის შედეგად, შესაძლებელი გახდა, იმდაგვარად დაყოფილიყო, როგორც საინჟინრო-ტექნიკური, ისე ფინანსური თვალსაზრისით, რომ პირველ ლოტზე პირდაპირ ქართულ კომპანიებს ჰქონდეთ მონაწილეობის საშუალება. ვფიქრობთ, მინიმუმ 3 კომპანიაა ასეთი, თუმცა ვვარაუდობთ, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.