დავით სერგეენკო: სულ ცოტა უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთა პროკურატურამ ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია
“სულ ცოტა უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთა პროკურატურამ ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი შეფასებით, არასწორია პროკურატურის დასკვნაში ხელაღებით ეჭვის შეტანა.
„ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების სიძლიერე არის ქვეყნის განმსაზღვრელი და ამას ვეთანხმები. მეორე ამბობს, რომ პროკურატურა მარიონეტია და რაღაცას წერს, რაც მოესურვება. არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტების დევალვაციის მცდელობა. არ არის სწორი, სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში პროკურატურის დასკვნაში ასე ხელაღებით შეიტანონ ეჭვი. სულ ცოტა უნდა ნახონ, რის საფუძველზე გააკეთეს ეს დასკვნა და ამის მერე იმსჯელონ, რომ ეს ყალბია“, – განაცხადა სერგეენკომ.
საქართველოს პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 2021 წლის 6 მარტს გასული ფარული აუდიოჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიოჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია.