სალომე სამადაშვილი: სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი ომბუდსმენის ანგარიშში, ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არ აქვს

“სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში, ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არ აქვს”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშის წაკითხვის შემდეგ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეშინდეს ამ სახელმწიფოში ცხოვრების.

„წინა მოწვევის პარლამენტის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, თუ არა ერათადერთი, იყო ის, რომ თქვენ დაგამტკიცეთ ამ პოსტზე. მათ შორის, ერთობლივად, ოპოზიციის თანამონაწილეობით და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია, მოვახდინოთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შეეხება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას კონსენსუსის საფუძველზე. რეალობა არის ის, რომ წლიდან წლამდე, ყოველ წელს ვისმენთ პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებას და ეს მოხსენება წლიდან წლამდე მძიმდება.

სახელმწიფოში, სადაც ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, ჩვენს უფლებას პირად სივრცეზე ყოველდღიურად და დაუსჯელად არღვევს სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც გვითვალთვალებს, რომელიც გვისმენს, რომელიც გვართმევს სივრცეს პირადი ცხოვრებისთვის, აი, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არის სახიფათო და არის საშიში. სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი სახალხო დამცველის ანგარიშში ცხადია, არ იქნება მიწვეული არც ნატო-ს სამიტზე, მას არც არანაირი მომავალი არა აქვს ევროკავშირში, რადგან სახელმწიფო, რომელიც არის აღწერილი ამ ანგარიშში ძვირფასო კოლეგებო, ეს არის რეპრესიული რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც დგას კონტროლირებად სასამართლოზე, კონტროლირებად პროკურატურაზე და რეჟიმი, რომელიც იყენებს ყველა შესაძლებლობას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ანგარიშში საუბარია 2020 წელს მომხდარ ფაქტებზე. მათ შორის მაგალითად პირადად ჩემს წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიულ ნაბიჯებზე. მე მაინტერესებს, სახალხო დამცველმა როდესაც მიმართა სახელმწიფოს, რომ გამოიძიოს უკანონო მიყურადების, მოსმენის და სავარაუდო თვალთვალის შემთხვევები, თქვენ, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც ევალება ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენ რას ფიქრობთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები