მოსკოვში გვიან ღამით ტვერის რაიონის დეპუტატი, ქეთევან ხარაიძე დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, დეპუტატი საგამოძიებო კომიტეტშია გადაყვანილი, მანამდე კი მის საცხოვრებელ სახლში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა მიმდინარეობდა. შედეგად, ამოღებულია ხარაიძის ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოდან ორი – ხუთიათასიანი კუპიურა. მეზობელთან, ვარვარა გორნოსტაევასთან საუბრისას ხარაიძემ თქვა, რომ კუპიურები პალტოში არ ჩაუდია.
ადვოკატ ევგენია გრიგორიევას თქმით, რომელსაც 8 საათის განმავლობაში დეპუტატთან არ უშვებდნენ, ხარაიძე იკითხება მოწმის სახით “რომელიღაც საქმეზე”.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან ხარაიძემ მაისში სახელმწიფო დუმაში არჩევნებში კანდიდატურის დაყენებაზე განაცხადა. არჩევნები სექტემბერში ჩატარდება.
რუსეთში სახელმწიფო დუმაში პოტენციური კანდიდატების დაკავების ეს პირველი შემთხვევა არ არის. პირველ ივნისს მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი დიმიტრი გუდკოვი, რომელიც ეჭვმიტანილი იყო მოსკოვის საქალაქო ქონების დეპარტამენტისთვის საიჯარო გადასახადის გადაუხდელობისა და ზიანის მიყენებისთვის. თუმცა, ორი დღის შემდეგ გუდკოვი გაუშვეს და შემდგომ მან ქვეყანა დაპატიმრების საფრთხის გამო დატოვა.
რაც შეეხება ქეთევან ხარაიძეს, ის 1958 წლის 9 აპრილს თბილისში დაიბადა. მისი მამა – ხარაიძე გურამი მწერალი, ჟურნალისტი, სსკ-ს მწერალთა კავშრის წევრი იყო. დედა – სულაქველიძე ჯულიეტა – ფილოლოგი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ქეთევან ხარაიძემ 1981 წელს თსუ-ის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, იმავე წელს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაზე ჩააბარა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე; სამი წლის შემდეგ 24 წლის ასაკში დისერტაცია დაიცვა, არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 28 წლის ასაკში სსკ-ს ჟურნალისტთა კავშირის წევრი გახდა.