სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის შენობის აივნიდან მამაკაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება დაიწყო
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერეთლის გამზირზე პოლიციის შენობის აივნიდან მამაკაცის გადმოხტომის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე დაიწყო.
“2021 წლის 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის აივნიდან გადმოხტა მამაკაცი.
აღნიშნული შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას”,-ნათქვამია განცხადებაში.