კახა კუჭავა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში, მარკ კლეიტონს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობასა და დღის წესრიგზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება კანონშემოქმედებით საქმიანობაში ფრაქციებისა და კომიტეტების კიდევ უფრო გააქტიურებაზე გაამახვილა. ხაზი გაესვა პარლამენტში პროცესის ინკლუზიურობის მნიშვნელობას.
მარკ კლეიტონმა განსაკუთრებულად აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით შემუშავებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი განცხადება, რომელსაც ხელს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია აწერს.
მისი თქმით, დიდი შვიდეულისა და ნატო-ს სამიტის წინ, ერთობლივი განცხადების ხელმოწერა დასავლელი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი იყო, – აღნიშნულია ინფორმაციაში.