საქართველოს რკინიგზამ უცხოელ კოლეგებს უმასპინძლა
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის წევრებმა სამხრეთ კავკასიის რკინიგზების წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
როგორც “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე გამოწვევები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, საუბარი შეეხო თბილისი-ერევანი-თბილისის მიმართულებით განახლებულ რეისს. მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები, სატარიფო პოლიტიკა და დოკუმენტაციის ელექტრონული გაცვლის სისტემები განიხილეს.
ასევე, სასაზღვრო სადგურზე მატარებლების მიღება-გადაცემის საკითხების გაუმჯობესებასა და საკონტეინერო ბლოკ მატარებლების ორგანიზების ტექნოლოგიის ახალ რედაქციაზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს ხელი საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ მოაწერა.