ნინო ლომჯარია: ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ნინოწმინდის პანსიონის პრობლემაზე
აპრილის თვიდან მედია პრაქტიკულად უწყვეტად აშუქებდა იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველს პანსიონის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. ყველა იყო ინფორმირებული ამ პრობლემის თაობაზე და მე ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ამ პრობლემაზე, – ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„სახალხო დამცველის აპარატი არ დუმდა, ჩვენ არაერთი განცხადება მიგვიძღვნია ამ საკითხისადმი, და ავიღოთ თუნდაც ბოლო მცდელობა – აპრილის თვიდან მედია პრაქტიკულად უწყვეტად აშუქებდა იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველს პანსიონის ტერიტორიაზე არ უშვებდნენ. ყველა იყო ინფორმირებული ამ პრობლემის თაობაზე და მე ვერ მივიღებ იმ შენიშვნას, რომ სახალხო დამცველი არ საუბრობდა ამ პრობლემაზე. რაც შეეხება თვითონ პრობლემების მასშტაბსა და სიმძიმეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ანგარიშებში იყო საუბარი ბავშვების დასჯის სხვადასხვა მეთოდზე, ჩვენთვისაც მოულოდნელი იმ სიმძიმის დარღვევებზე და დასჯის იმ სასტიკ მეთოდებზე საუბარი, რაზეც უკვე ყოფილი ბენეფიციარები ალაპარაკდნენ.
რეალურად ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მედიამ აქტიურად დაიწყო პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გაშუქება. ინსტიტუციურად, სახალხო დამცველის მიმართვის ადრესატი არის სახელმწიფო. მე ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩვენი პრეტენზიები მიემართება სახელმწიფოსადმი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში რაიმე პრობლემას ვაწყდებოდით, ჩვენ ამაზე ინფორმაციას ვაწვდიდით სახელმწიფოს და საჯაროდ ვაშუქებდით ამ საკითხებს“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.