ევროკავშირი და აშშ, მსოფლიოში ვაქცინაციის დაჩქარების მიზნით, სამუშაო ჯგუფს შექმნიან.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან თქვა, ბაიდენთან შეხვედრაზე განიხილებოდა პანდემიის დასრულების საკითხი, რაც ერთობლივი პასუხისმგებლობაა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ”რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, რომ დავეხმაროთ ვაქცინაციაში მსოფლიოს და ჩვენ გადავწყვიტეთ ერთობლივი ორგანოს შექმნა, რომელიც ვაქცინაციის საკითხზე იმუშავებს და დაგვეხმარება გამოავლინოს და მოაგვაროს ის პრობლემები, რომლებიც ვაქცინებისა და სხვა მედიკამენტების წარმოებას შეეხება”.
მისივე თქმით, ევროკავშირი და აშშ მზად არიან, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ პრეპარატებინს წარმოების შექმნის შესაძლებლობებზე ისეთ რეგიონებში, სადაც ისინი არ არსებობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რეგიონებში კერძო ინვესტიციები შევიდეს, არამედ საუბარია ტექნოლოგიების ტრანსფერსა და ნოუ-ჰაუზე”.
გარდა ამისა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჯანმო-ს რეფორმირებაზე ისაუბრა.
“ამიერიდან უფრო მჭიდროდ ვიმუშავებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჯანმო-ს რეფორმირება. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზაციას დასჭირდება პანდემიების საფრთხის გამოვლენისთვის მეტი ოპერატიულობა, ამიტომ, ორგანიზაციას დასჭირდება დამატებითი თანხები. ვიცით, რომ პანდემიის დაწყებისას ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ”, – თქვა მან.