მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედროების შვილებისთვის „ბასტი-ბუბუს“ კონცერტი გაიმართა
საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სასწავლო წლის დასრულება „ბასტი-ბუბუს” სტუდიის ბავშვებმა მიულოცეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სტუდიის ბავშვებმა ბასტისთან, ბუბუსა და ბაბილინასთან ერთად მხიარული განწყობის შესაქმნელად კონცერტი სამხედროების შვილებისთვის თელავში, ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართეს და თანატოლებისთვის პოპულარული საბავშვო სიმღერები შეასრულეს.
საღამოს დასასრულ, გვარდიელების ბავშვებმა საჩუქრებად ასაკის შესაბამისი წიგნები და შემეცნებითი სათამაშოებიც მიიღეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროსა და საბავშვო-გასართობ სტუდია „ბასტი-ბუბუს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.