“ჩვენი მედიაცია, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ასე აქტუალური იყო სამხრეთ კავკასიაში და ჩვენი როლის აქტუალიზაცია, ის, რაც პრემიერმინისტრმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გააკეთა, მიმართულია ზუსტად იქეთ, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს რაც შეიძლება პრიორიტეტულ თემებს შორის წამოწეული საერთაშორისო, გლობალური უსაფრთხოებისა და ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციისა უკვე 2-3 თვეა, დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერმინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.
„იცით თქვენ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მყისიერად რეაგირებს ცხელ წერტილებზე. როდესაც მიდის ომი, დაპირისპირება, როდესაც სიტუაცია არის უაღრესად დაძაბული, მაშინ ეს საკითხი არის მუდმივად „ჰედლაინებში“ და არის მუდმივად გამოტანილი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდსა და ტაქტიკურ გზებს ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 დღის განმავლობაში გაკეთდა და რაც საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერმინისტრის მეთაურობით გააკეთა. ეს ძალიან ინტენსიური მცდელობები მედიაციისა უკვე 2-3 თვეა, დაწყებულია და ბოლო 1 თვის განმავლობაში განსაკუთრებულ აქტიურ ფაზაში შევიდა, როდესაც პრემიერმინისტრი იმყოფებოდა აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში. სწორედ ეს გლობალური უსაფრთხოების და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის საკითხი განიხილებოდა და ჩვენი როლი, რა შეგვეძლო, გაგვეკეთებინა. მე ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, 30 წელია, დიპლომატიურ სამსახურში ვარ და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დღიდან ყველა ხელისუფალი ცდილობდა, რომ მედიატორის როლი შეესრულებინა და ჩვენ მშვიდობისმყოფელი ფუნქცია მიგვეღო რეგიონში. მცდელობები იყო მიმართული, მაგრამ კონკრეტული შედეგი არ ყოფილა და პირველად დადგა ეს შედეგი. ეს არის უპრეცენდენტო რამ, ქვეყნის გამარჯვებაა, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი გამარჯვებაა და ის, რომ მუდმივად, თბილისიდან დიდი შვიდეულის ფორმატის ფარგლებში მიმდინარეობდა ეს მედიაცია და ფასილიტაცია ჩვენი მხრიდან და მსოფლიო ლიდერები დაინტერესებულები იყვნენ, მუდმივად აინტერესებდათ, რა ხდებოდა ამ მედიაციის კუთხით, როგორ მიდიოდა პროგრესი და თბილისიდან, ისინი, მუდმივად იღებდნენ შეტყობინებას და ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა და ჩვენი როლი, მნიშვნელობა და ფუნქცია გამოიკვეთა. აქედან გამომდინარე, უადგილოა ახლა საუბარი იმაზე, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.