ბელგიური გამოცემა – „ევროაქტივი” სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის როლს კონფლიქტის დეესკალაციის საკითხში.
„შაბათს, 12 ივნისს აზერბაიჯანმა შარშან, მთიანი ყარაბაღის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობითა და აშშ-სა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაათავისუფლა. ბაქოში საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების შესაბამისად, ერევანმა ბაქოს საპასუხოდ კონფლიქტის ზონაში დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობის მადლიერია “გათავისუფლების საქმეში მნიშვნელოვანი როლისთვის,” და ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იგი ამაყობს იმ როლით, რომელიც მისმა ქვეყანამ ითამაშა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლ, ფილიპ რიკერთან მჭიდრო კოორდინაციით,” – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე მოყვანილია სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სიტყვები, სადაც ის ამბობს: „ჩვენი ძმები თავიანთ ოჯახებში საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, ჩვენი ქართველი ძმების, ასევე, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ძალისხმევით დაბრუნდნენ.”