“შეუძლებელია, დადებითად არ შევაფასოთ ეს ფაქტი, რისთვისაც პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს”,- ასე გამოეხმაურა “კვირასთან“ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას და აზერბაიჯანული მხარის მიერ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებას.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაღები.
“შეუძლებელია, დადებითად არ შევაფასოთ ეს ფაქტი, რისთვისაც პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.
ჩვენი ისტორიული როლია მსგავსი პრობლემების მოგვარება. ეს ფაქტიც მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ დადგა დრო რეგიონში იყოს მშვიდობა. იმედია მაქვს, ამას მალე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქვეყანაც, რუსეთიც მიხვდება და გააცნობიერებს, რომ 21-საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს სხვისი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და, რომ აგრესია მიუღებელია. დაბალანსებული პოლიტიკაა მნიშვნელოვანი.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ქვეყანაში აზერბაიჯანელებიც და სომხებიც მეგობრულად, მშვიდობიანად ცხოვრობენ. ჩვენი ქვეყანა მაგალითია თუ როგორ შეიძლება ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობდეს ორი მხარე.
პრაგმატული პოლიტიკით კიდევ უფრო ბევრი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაღები”,- განაცხადა “კვირასთან“ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.