11 ივნისს ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობის -„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს
11 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით დაწყებული მოძრაობის -„ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ სულისკვეთებას გამოხატავს.
მოძრაობას შეუერთდნენ იუსტიციის სამინისტრო, სახალხო დამცველი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნო, რეგიონული მმართველობის დეპარტამენტი, სახელმწიფო ინსპექტორი, ადვოკატთა ასოციაცია, მედიატორთა ასოციაცია.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60 სოფელსა და მუნიციპალიტეტში. მოსახლეობას ადგილზე გაეწევა იურიდიული კონსულტაციები, წარდგენილი იქნება პრეზენტაციები აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. თემატიკა განისაზღვრება პარტნიორებთან თანამშრომლობით და რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პერსონალური ინფორმაცია, მიწის რეგისტრაცია, არასრულწლოვანთა უფლებები, ბანკებთან ურთიერთობა, სოციალურ საკითხები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში მონაწილეობა და სხვა.
მოძრაობა „ვაქციოთ კანონი მოქმედი ყველასთვის“ მომზადდა იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით და იგი ევროპის საბჭოს COE და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს USAID PRoLog-ის მხარდაჭერით ხორციელდება.