დოდო შონავა: ვასილ მაღლაფერიძე მგონი გახარიას ნავში გადაჯდომას აპირებს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი დოდო შონავა სოციალურ ქსელში მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ვასილ მაღლაფერიძისა და გიორგი გახარიას სავარაუდო კავშირზე წერს.
ჟურნალისტი ფეისბუქპოსტში მისი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებასა და ვასილ მაღლაფერიძის საქმიანობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლება ვასილ მაღლაფერიძის პირადი შურისძიება იყო.

“ორი დღის წინ მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა ჩემსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის. ჩემს უკანონო გათავისუფლებას ვასაჩივრებ. 2019 წლის 31 დეკემბერს, საღამოს 5 საათზე, გათავისუფლების ბრძანება გადმომეცა. მე ეს ბრძანება მაუწყებლის მაშინდელი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის, შურისძიებად მიმაჩნია. შურისძიებად იმისთვის, რომ წინ აღვუდექი საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე წლით დახურვის, თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის და მის სხვა არაპროდუქტიულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას თუ გეგმას.
თითქმის ორმოცი წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში – ყველა პოზიციაზე: რიგითი კორესპონდენტიდან ახრის დირექტორამდე. ცხადია, ეს მაუწყებელი ძვირფასია ჩემთვის არა მხოლოდ როგორც პირადი ბიოგრაფიის ნაწილი. მაგრამ ამაზე სხვა დროს… ბევრჯერ დამიწერია საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოუყენებელ პოტენციალზე და იმ მიზეზებზე, რომელთა გამოც ხალხის მიერ დაფინანსებულ ტელევიზიას ვერ მოუპოვებია მისი ნდობა და ვერ ქცეულა იმ რგოლად, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, მის სხვადადსხვა სეგმენტებს – ხალხს, ელიტებს, ხელისუფლებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ თითქმის არასდროს, ამ მაუწყებლის არც ერთ ხელმძღვანელობას, არ გამოუყენებია სრულად იქ მომუშავე პროფესიონალების პოტენციალი, არ მიუცია მათთვის ის თავისუფლება და დაცულების განცდა, რომლის გარეშეც ვერ იქმნება ძლიერი მედიაორგანიზაცია და კარგი ჟურნალისტიკა. ამ მხრივ ვასილ მაღლაფერიძის მართველობის წლები განსაკუთრებით მძიმე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ეს წლები განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემსთვისაც, რადგან ყველა გზა ჩაიკეტა, ყველა შესაძლებლობა გაქრა. გაქრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სული და იდეა. ტოტალური გართობა იქცა მაუწყებლის მთვარ შინაარსად. მაუწყებელმა დაკარგა ის მწირი გავლენაც კი, რომელიც მაღლაფერიძის მართველად მოსვლამდე დიდი ძალისხმევით დაგროვდა მაყურებელში, ცხადია ასეთ ვითარებაში ზედმეტი აღმოჩნდა ბევრი პროფესიონალი, მათ შორის მეც.
.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩემი სარჩელის განსახილველი სასამართლო სხდომა კიდევ ერთი თვით, 15 ივლისამდე გადაიდო. მოსამართლე კვლავ მოგვიწოდებს მხარეებს მორიგებისკენ, უფრო სწორად, საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს ამისკენ. ჩემი პოზიცია და მიზანი ურყევია – აღვიდგინო პროფესიული ღირსება.
ჩემი გათავისუფლებიდან დღემდე კი ვასილ მაღლაფერიძემ მოასწრო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობიდან გადადგომა, შემდეგ საკმაოდ მაღალანაზღაურებად ავტორად დაბრუნება, კვლავ წასვლა მმართველი პარტიის თავჯდომარის მოადგილედ, შემდეგ ავადმყოფობის მომიზეზებით პარტიის დატოვება და უკვე მერამდენედ დაბრუნება საზოგადოებრივ მაუწყებელში, კვლავ მაღალი ანაზღაურებით და საუკეთესო პირობებით.
გონივრული ეჭვი მაქვს, საზოგადოებრივ მაუწყებელში მისი ჩრდილიც გავლენიანია და ის რაღაც ფორმით დღემდე მონაწილეობს მაუწყებლის მართვაში.
არ ჩავუღრმავდები ვასილ მაღლაფერიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მართვის სტილსა და სიღრმისეულ აუდიტს. მხოლოდ იმას აღვნიშნავ რაც ზედაპირზე დევს.
მაშ ასე… საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2017 წლის 6 იანვარს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აირჩია კონკურსში მონაწილეთაგან ყველაზე სუსტი კანდიდატი – ვასილ მაღლაფერიძე. იმ დროისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ახალი დამტკიცებული იყო, ვალი მაუწყებელს არ ჰქონდა. პირიქით, დეპოზიტზე ახალი და მიმდინარე ამბებისა და მეორე არხის განვითარებისთვის დამატებით 4 მილიონი ლარი იდო”,- ამბობს დოდო შონავა.
შონავასვე განმარტებით, ვასილ მაღლაფერიძეს მიერ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში საქმეს იგებენ და მაღლაფერიძემ ზიანი არამხოლოდ თანამშრომლებს არამედ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციასაც მიაყენა.
“ვასილ მაღლაფერიძის გენერალური დირექტორობიდან გადადგომის მომენტისთვის კი მაუწყებელს 45 მილიონი ლარი ჰქონდა ვალად აღებული, დაწყებული იყო ახალი შენობის მშენებლობა იმ მიწაზე, რომელიც არ იყო დამტკიცებული მის მფლობელობაში, ასობით ათასი ლარია გადასახდელი კომპენსაციის სახით სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იგებენ სასამართლო პროცესებს.
ყველაზე დიდი ზიანი კი ვასილ მაღლაფერიძის დირექტორობამ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციას და მისდამი საზოგადოების ნდობის ხარისხს მიაყენა”,- წერს ჟურნალისტი.
დოდო შონავა ვასილ მაღლაფერიძისა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას სავარაუდო კავშირებზე საუბრობს და ამბობს, რომ მაღლაფერიძე “ახალ ნავში გადაჯდომას აპირებს”.
“ახლა, თურმე, ვასილ მაღლაფერიძე გიორგი გახარიას კომენტარს ალაიქებს, რომელიც ამ უკანასკნელმა ივანიშვილის წერილის საპასუხოდ გააკეთა. ხომ იცით, მართველ პარტიას ლაიქების მთვლელი ადამიანებიც ჰყავს, მათ აღმოუჩენიათ ეს.
ეტყობა ბატონი ვასილი ახალ ნავში გადაჯდომას აპირებს. ამ ნავს ზურგის ქარს ნამდვილად ვერ ვუსურვებ. ასეთი ტვირთით ის აუცილებლად ჩაიძირება”,- წერს ჟურნალისტი ფეისბუქპოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები