შალვა პაპუაშვილი: ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, პავილიონისის განცხადება არ არის სახელმწიფოს პოზიცია და ეს არის ერთი დეპუტატის სამწუხარო მიდგომა
“ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს არის ცალკე 1 დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომა”, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას.
„ლიეტუვის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პირად ომს აწარმოებს ივანიშვილთან, „ქართულ ოცნებასთან“ და ქართულ ხელისუფლებასთან და კარგია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა ეს განცხადება სათანადოდ შეაფასა.
მისი თქმით, ეს არ არის ლიეტუვის პოზიცია და ეს არის ცალკე 1 დეპუტატის ძალიან სამწუხარო მიდგომა, რომელიც მას აქვს და რაც ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის. მე იმედი მაქვს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ თავისი ომი აქვს.