საქართველოს პრემიერმინისტრი EBRD-ის ვიცეპრეზიდენტ ალან პილოუს შეხვდა
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) ვიცეპრეზიდენტ ალან პილოუს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანამშრომლობით საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე.
აღინიშნა, რომ EBRD-ის დახმარებამ დღემდე 4 მლრდ. ევრომდე შეადგინა 250-ზე მეტ პროექტში. ასევე, მისი პორტფელის უდიდესი წილი კერძო სექტორზე მოდის, რასაც ძალიან ძლიერი და მდგრადი გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველო, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზას მიჰყვება, რაშიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერას უდიდესი როლი ენიჭება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა EBRD-ის ჩართულობაზე ეკონომიკურ სექტორში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა.
საუბარი შეეხო COVID-19-ით შექმნილ გამოწვევებს და განსაკუთრებით აღინიშნა EBRD-ის მნიშვნელოვანი როლი როგორც პანდემიის, ასევე, პოსტპანდემიურ ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი ასპექტები. საუბრისას, დადებითად შეფასდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფუძნებული ინვესტორთა საბჭო, რომელიც ბიზნესს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის კონსტრუქციული დიალოგის დამოუკიდებელი პლატფორმაა.