შალვა პაპუაშვილი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ 1.000.000 ლარის პროექტების პრიორიტეტი, რომელსაც ფაქტ-მეტრი ახორციელებს, სულაც არ არის „ევროპული საქართველოს“ სიყალბის მხილება, რომელმაც ეს ქვეყანა ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა

“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმ 1.000.000 ლარის პროექტების პრიორიტეტი, რომელსაც ფაქტ-მეტრი ახორციელებს, სულაც არ არის „ევროპული საქართველოს“ სიყალბის მხილება, რომელმაც ეს ქვეყანა ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ფაქტ-მეტრი პოლიტიკურად მიკერძოებულია.

“რა ვქნა ახლა? პატრულს დავუძახო?
ერთი თვის წინ რომ შევახსენე, მანამდე ორი თვით ადრე ნათქვამი, რით ვერ გადაამოწმეთ “ევროპული საქართველოს” შვიდი თვის წინანდელი ყალბი ცხრილი მეთქი https://bit.ly/2TeyLqW
საპასუხოდ, განცხადება გაავრცელეს – ეს რას გვკადრებთ, ჩვენ ფეისბუკის პარტნიორები ვართო, უბრალოდ პანდემიაა და არ გვცხელა მაგისთვისო. შემდეგ საკუთარი ორგანიზაციის კლიპი დადეს და ფასიანი რეკლამით დაბუსტეს… და, რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამთ იმაზე, როდის გასცემდნენ ჩემს კითხვას პასუხს.
რაში ხარჯავენ საკუთარ დროს და სხვა ქვეყნის გადასახადის გადამხდელების ფულს? ეს რესურსი რომ „ევროპული საქართველოს“ ყალბი ცხრილის სამხილებლად გამოეყენებინათ, ხომ უფრო გაამართლებდნენ ამ პროექტის არსებობას? (ვინძლო, ამ მხილებით დარცხვენილ “ევროპულ საქართველოს” იქნებ ტყუილისთვის ბოდიშიც მოეხადა და ხელი მოეწერა აპრილის შეთანხმებისთვის).
მაგრამ რად გინდა?! ამის ნაცვლად, გუშინ გიგა ბოკერიას განცხადება გადაუმოწმებიათ და, რა თქმა უნდა, მისი განცხადების ვერდიქტია: „სიმართლე“.
სხვათა შორის, ისევე როგორც ფაქტ-მეტრის დამფუძნებლები სერგი კაპანაძე და ელენე ხოშტარია, გიგა ბოკერიაც, ფაქტ-მეტრის თვალში, ყველაზე მართალი პოლიტიკოსია და არასდროს, საერთოდ არასდროს უთქვამს ტყუილი https://bit.ly/3vcYGfI
და საერთოდაც, ზოგადად, ფაქტ-მეტრის ობიექტური დაკვირვებით, „ევროპული საქართველოს“ წევრებიდან არავის არასდროს უთქვამს ტყუილი, ერთის გარდა. გიორგი კანდელაკს, ისიც მხოლოდ ერთხელ, ისიც მხოლოდ 2015 წელს… ეტყობა სიტყვა გაექცა და… წამოსცდენია ეს წყეული ტყუილი.
რას იზამ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, იმ 1.000.000 ლარის პროექტების პრიორიტეტი, რომელსაც ფაქტ-მეტრი ახორციელებს, სულაც არ არის „ევროპული საქართველოს“ სიყალბის მხილება, რომელმაც ეს ქვეყანა ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიიყვანა.
ეს ყველაფერი კი მიჩენს განცდას, რომ ფაქტ-მეტრი პოლიტიკურად მიკერძოებულია.
P.S. ისე, პანდემია რომ დასრულდება, შეგიძლიათ, “დროა”-ს ვიდეო ბლოგსაც უყუროთ, არჩევნებს რომ ეძღვნება. მაინც, ისე, საკუთარი თავი გადაამოწმეთ, რამე ტყუილს თუ აღმოაჩენთ”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები