თეა წულუკიანი: ნიკა მელია არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი
“ნიკა მელია არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე.
„ვინაიდან მასზე უფროსი ვარ და მგონია, რომ კარგია, ახალგაზრდა პოლიტიკოსები შემოვიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, არაერთხელ, მის დაკავებამდე და პატიმრობის განმავლობაშიც მივეცი ინტერვიუ და გავაკეთე განცხადებები, რადგან ის ამას შეისმენდა, ვინაიდან, როგორც ვიცი, და ეს კარგად მომეხსენება, ყველა საკანში არის წვდომა ტელევიზიაზე. მას ჰქონდა წვდომა ტელევიზიაზე, როცა მე ვიყავი მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მერეც ჰქონდა. ამიტომ, ის უსმენდა, მაგრამ არ შეისმინა. მე ვამბობდი ერთ რამეს, რომ საჭიროა გირაოს გადახდა, საჭიროა კანონმორჩილება იმისთვის, რომ პოლიტიკოსად შედგე. მან ეს ვერ მოისმინა, ეს არ შეისმინა. სამწუხაროდ, ალბათ, არ გაიგო სხვა რჩევებიც კეთილი ადამიანების, რომლებიც მისი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. შესაბამისად, დღეს, სამწუხაროდ, ის არის დასრულებული, როგორც პოლიტიკოსი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.